მხატვრის აღმოჩენა

ნიკოს, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ძმებ ზდანევიჩებს, მხატვარ კირილეს და პოეტ ილიას, ფრანგ მხატვარს მიშელ ლე დანტიუსს, ასევე დ. შევარდნაძეს. ლ. გუდიაშვილს და დ. კაკაბაძეს. 1912 წლის ზაფხულის არდადეგებზე პეტერბურგიდან შინ დაბრუნდა უნივერსიტეტის სტუდენტი ილია და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი კირილე. მათ თბილისში სტუმრად ჩამოიყვანეს ფრანგი მხატვარი მიშელ ლე-დანტიუ. ძმებმა ფრანგი მეგობარი ქალაქის დასათვალიერებლად წაიყვანეს. ბევრი ხეტიალის შემდეგ დაღლილებმა ყელის გასასველებლად ვაგზლის მოედანზე სამიკიტნო ‘’ვარიანგს” მიაშურეს. მიშელმა კედლების დათვალიერება დაიწყო. განცვიფრებული უცქეროდა უცნობ ტილოებს. უცებ ზეაიჭრა და ერთი ამოსუნთქვით შემოირბინა სამიკიტნო. სუფრასთან მივიდა, ილიასა და კირილეს აღელვებულმა უთხრა: ეს ხომ თანამედროვე ჯოტოა, ილია,ნამდვილი ჯოტო! ამ სცენის თანამონაწილე კირილე ზდანევიჩი იგონებდა: “ერთბაშად დავინახეთ კედლებზე არეულ-დარეულად ჩამოკიდებული სურათები. პირველად სამიკიტნოს სიბნელეში კარგად ვერ ვარჩევდით, მაგრამ როდესაც თვალი მიეჩვია, დავინახეთ ახოვანი, ულვაშებდაგრეხილი ყარაჩოღელი, რომელსაც ხელში ღვინით სავსე გრძელი ყანწი უკავია. დიდრონი შავი თვალები, ხშირი შავი წარბები. მისი თეთრი სახე ანათებს ლურჯ ცაზე. ჩვენ დავინახეთ ისეთი ფერწერა, რომელიც არ ჰგავს ასეთ სამიკიტნოებში ჩამოკიდებულ ჩვეულებრივ ოლეოგრაფებს. ნიკო ფრანგი მხატვრის საყვარელი მხატვარი გახდა. მან პირველმა იგრძნო მისი გენიალობა. უცნობი თვითნასწავლი მხატვრის აღიარებისთვის მას ენერგია არ დაუშურებია. მისმა ავტორიტეტულმა აზრმა, ზუსტმა არგუმენტაციამ, ნიკოს მემკვიდრეობის შესწავლაში წარუშლელი, გადამწყვეტი როლი დატოვა. მოსკოვში ჩასვლისთანავე მან შეკრიბა ადგილობრივი მხატვრები და ვრცელი მოხსენება წაიკითხა ქართველი თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედებაზე, მოაწყო სახელდახელო გამოფენაც. მიშელის ინფორმაციამ დააინტერესა მოსკოველი მხატვრები. იმავე წელს თბილისს ეწვია მხატვართა პატარა ჯგუფი, რომელმაც ფიროსმანის ტილოები შეისყიდა. ძმები ზდანევიჩებიც ძალას და ენერგიას არ იშურებდნენ ნიკოს დასახმარებლად.  ამ მხრივ მათი საქმიანობა ჭეშმარიტად დასაფასებელია. ნიკო ფიროსმანაშვილის მეორედ აღმოჩენაში უაღრესად დიდი როლი ითამაშა ქართველმა მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ, რომელმაც საზღვარგარეთიდან დაბრუნებისთანავე ყურადღება მიაქცია ნიკოს შემოქმედებას. დ. შევარდნაძე იგონებს: ”მე ჩამოვედი საქართველოში 1916 წელს. ჩამოსვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიქცია სადგურის წინ მდებარე დუქანში სურათებმა. დაინტერესებულმა გამოვიძიე ავტორის ვინაობა და მითხრეს რომ ეს ნახატები ეკუთვნის ნიკო ფიროსმანაშვილს. 1916 წელშივე განვიზრახე მხატვართა შეკავშირება და ამ მიზნით განვიზრახე მხატვართა საზოგადოების დაარსება. შევადგინე სია, რომელშიც შევიტანე ნიკო ფიროსმანაშვილი. ჩვენი სურვილი იყო მოგვეწვია კრებაზე ეს ლეგენდარული მხატვარი, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო. მისი მონახვა და კრებაზე დაპატიჟება მივანდეთ მხატვარ ლადო გუდიაშვილს და ზაზიაშვილს. ”ლადო გუდიაშვილმა შეძლო მოეძებნა ფიროსმანი და 25 მაისს მიიყვანა. “ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” წევრი ლადო გუდიაშვილი იგონებდა: “მახსოვს ერთხელ შევიყვანეთ მხატვართა საზოგადოების კრებაზე. გულზე ხელებგადაჯვარედინებული იჯდა. მისი სახე გამოსახავდა ფარულ სიხარულს და დიდ გაკვირვებას. სხდომის გათავების შემდეგ მას შემოეხვივნენ მხატვრები და დაუწყეს გამოკითხვა. პასუხს იძლეოდა მოკლედ. ლაპარაკობდა ცოტას - "ჰო, აი რა გვინდა ძმებო,-უთუოდ საჭიროა, ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთვის იყოს ახლოს, რომ შევიყარნოთ ხოლმე. ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი. ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე, ხელოვნებაზეო. თქვენ კი ეს არ გინდათ. თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ” – ამბობდა იგი წყნარად და ჩუმად. რამდენიმე დღის შემდეგ ნიკო მოულოდნელად ეწვია “ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას და საჩუქრად მიართვა სურათი “ქორწილი კახეთში”.
 “ქართველ ხელოვანთა საზოგადოებაში” ყოფნისას ნიკო მხატვრებმა გოლოვინის პროსპექტზე, ნომერ 8 სახლში, ედუარდ კლარის ფოტო ატელიეში მიიყვანეს და სამახსოვრო სურათი გადაუღეს. ეს სურათი 1916 წლის 19 ივნისის გაზეთ “სახალხო ფურცლის” სურათებიან დამატებაში დაიბეჭდა. თითქოს ნიკოს ცხოვრებაში გამოიდარა. ფაქტიურად იგი აღიარეს, მასზე გაზეთები წერდნენ, იმართებოდა გამგეობის სხდომები, იწვევდნენ კრებებზე, ნიკოც უკვე ამაყად დააბიჯებდა მშობლიურ თბილისში, ხვდებოდა ნაცნობ მეგობრებს და თავის სიხარულს უზიარებდა მათ, მაგრამ... არ ყოფილა შემთხვევა, მას ცხოვრებაში ხანგრძლივად ეზეიმოს. ამჯერადაც ასე მოხდა, - ნიკოს მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან ვიღაც ლიტერატორმა და მხატვარმა მოკუმშული მუშტის ჭუჭრუტანიდან შეხედა ფიროსმანის შემოქმედებას და სარკაზმით სავსე პასკვილი უძღვნა. რომელიც გაზეთმა “სახალხო ფურცელმა” 1916 წლის 10 ივლისის სურათებიან დამატებაში დაბეჭდა. კარიკატურამ სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ისედაც ჯანგატეხილ მოხუცს. ამ ამბის შემდეგ ნიკო მოეშვა, ბახუსს დაუმეგობრდა. მის თვალში ცხოვრებამ დაკარგა ფასი, მუშაობაზეც ხელი აიღო. მხრებში მოხრილი იშვიათად თუ შეივლიდა სამიკიტნოში ლუკმა-პურის საშოვნელად. თუ რამეს დახატავდა მხოლოდ იმისთვის, რომ ჭიქა არაყი დაელია და ამით მოეკლა გულზე მოწოლილი სევდა. შეურაცყოფილი ფიროსმანი ადგილს ვერ პოულობდა მშობლიურ თბილისში, გადაწყვიტა შეხვედროდა გიგო ზაზიაშვილს და დაეზუსტებინა საქმის ვითარება, მაგრამ ამაოდ.